ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი" 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი", რომელშიც ჩართულნი არიან საჯარო და კერძო სკოლები. კონკურში მონაწილეობენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. შიდა სასკოლო ტურის შედეგად გამარჯვებულმა 121 მოსწავლემ, 8 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო კონკურსის მეორე ტურში, რომელიც გიმართა ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში. საკონკურსო ტესტი შედგებოდა 40 ღია და დახურული კითხვისგან. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური და ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მესამე ტურში. ტესტირების დასრულების შემდეგ, „დიდგორელის“ 121 მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სპეციალური მედალი „დიდგორელი“, სიგელი და წიგნები.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებთან, პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს: ცნობილმა ისტორიკოსმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ, კომპანია "არემჯის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ თინათინ მღვდლიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დიდგორელის“ ფინალისტებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულს დაენიშნება სტიპენდია. ასევე, ფინალისტები ეწვევიან სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გაეცნობიან ისტორიის კათედრის მუშაობას, შეხვდებიან ცნობილ ისტორიკოსებს და დაათვალიერებენ ოკუპაციის მუზეუმს და ა.შ. გარდა ფინალისტებისთვის გათვალისწინებული საჩუქრებისა, მეუფე ანანიამ მიიღო გადაწყვეტილება ფინალისტებს დამატებით გადასცეს სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ განხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ისტორიის კონკურსის „დიდგორელის“ გენერალური სპონსორია კომპანია „არემჯი“.