თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი

დღევანდელი ქ. თეთრიწყარო გაშენებულია იმ ადგილზე, სადაც ვახუშტი ბატონიშვილის 1721 წლის აღწერით მდებარეობდა. სოფელი გარისი ეს ის ისტორიული ადგილია, სადაც 1556 წელს მოხდა ცნობილი გარისის ბრძოლა.1556 წელს ქვემო ქართლში შემოიჭრა ყიზილბაშ დამპყრობთა ლაშქარი შაჰვერდი სულთნის მეთაურობით. ლუარსაბ მეფე თავისი ჯარით მტერს გარისთან შეხვდა. მოხუცმა მეფემ ჯარის სარდლობა თავის უფროს შვილს სიმონ  I  ჩააბარა. მართალია ლუარსაბ მეფე ამ ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. 
ქ. თეთრიწყაროს ტერიტორიაზე გათხრილია ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარები. (არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1956-1958 წწ. გერმანე გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით). შემორჩენილია ქვის მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების საძირკვლები. აქ მოპოვებული მასალის უმთავრესი ნაწილი მტკვარ-არაქსის კულტურის საწყისი საფეხურის ძეგლებია. ამ და სხვა მრავალი მასალის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადგილი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, არაერთხელ ყოფილა მტრისგან იავარქმნილი და არაერთხელ აღორძინებულა.
XIX ს-ის 20-იან წლებში მეფის რუსეთის მთავრობამ ვითომდა დედაქალაქისთვის სამხრეთის საზღვრების გაძლიერების მიზნით, ნასოფლარების გარისის, ორთაშუასა და ვერხვიანის მიდამოებში დაიწყო სამხედრო დასახლებების მოწყობა. სინამდვილეში ეს იყო რუსიფიკატორული პოლიტიკა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მიწაზე სხვა ეროვნებების დასახლებების გაჩენა, რასაც მოყვებოდა ქართველთა შერევა სხვა ეროვნებებთან.
1820-1821 წწ. გარისის მიდამოებში დაბანაკდა ეგერთა პოლკი. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ჯარისკაცები ოჯახებით ამავე ტერიტორიაზე ესახლებოდნენ. მათთვის გამოყოფილი იყო აუთვისებელი ტყიანი მიწები, იჩეხებოდა ეს ტყე და ამ მასალით იშენებდნენ სახლებს. ასე გაჩნდა 132 ოჯახისაგან დასახლებული „კონსტანტინოვკა“, ახლანდელი ქალაქის დასავლეთ ნაწილში. 1837 წლიდან კიდევ ერთი სამხედრო დასახლება გაჩნდა დღევანდელი „პოსელენიეს“ ადგილზე. 1886 წლისთვის სულ 393 რუსული ოჯახი ყოფილა 1863 სულით.
იქ, სადაც გარისის მახლობლად ეგერთა პოლკი იყო დაბანაკებული სასმელი წყალი წვიმის დროს კირიან ფენას ერეოდა და თეთრი ხდებოდა, აქედან იღებს სახელწოდებას ჯერ რუსულს -„ბელი კლუჩი“, შემდეგ თურქულს „აღბულაღი“, რომელიც თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა შეარქვეს.
1825 წელს პეტერბურგში მოხდარი დეკაბრისტთა ამბოხის შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქართველოში გადმოიყვანეს. 1837 წელს თეთრიწყაროს ეგერთა პოლკში გადმოიყვანეს დეკაბრისტი ანდრეი როზენი. სწორედ ეს როზენი წერდა, რომ 1837 წლის დეკემბერში თეთრიწყაროში კულტურისა და დასვენების პარკში არსებული თეატრის შენობაში, რომელიც აგრეთვე ეგერთა პოლკის მიერ იყო აშენებული, დაიდგა ალექსანდრე აბლექსიმოვის ოპერა „მელნიკი“ ეს იყო პირველი საოპერო სპექტალკი საქართველოში.
თეთრიწყაროს დღევანდელი მთავარი წყარო აგებულია  ვიცე-პოლკოვნიკ ლოვიშინის მიერ 1847 წლის შემდეგ. 
დღევანდელი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ადრეც განლაგებული იყო პოლკის ყაზარმები 1840-1847 წწ. აუგიათ წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელსაც „პოლკის ეკლესიას“  ეძახდნენ. ამ ეკლესიის მისადგომთან იყო დასახლება „костантиновская слобода“,  შემდგომში მარქსის, ენგელსის, ლენინის ქუჩები- ახლანდელი გიორგი ბრწყინვალის, დემეტრე თავდადებულის და თამარ მეფის ქუჩები.
არქიტექტურა ამ ეკლესიისა თვითმხილველის აღწერით ძლიერ გავდა სვეტიცხოვლის არქიტექტურას. ეკლესიის კომპლექსში შედიოდა სამრეკლო ძალზე დიდი ზარით. ხმა ამ ზარისა ბოლნისში და წალკაში ისმოდა. ზარი ჩამოსხმული იყო 1900 წელს პეტრე I-ის მიერ პოლკის დაარსებიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით. ეკლესია შიგნითაც ყოფილა ძვირფასი ხატებით და სხვა საეკლესიო ნივთებით შემკული.
კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ძეგლის მიმართ იყო ძალზედ უარყოფითი. 1924 წელს პოლკის ეკლესია დახურეს და მღვდელმსახურების ნება დართეს მხოლოდ „პოსელენიეს“ წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას. 1933-1934 წლებში „პოლკის ეკლესია“ განგებ იქნა დანგრეული (ააფეთქეს) კომუნისტების მიერ. ამ ქვებით აუშენებიათ ვეტსამკურნალო, დანარჩენი მოსახლეობას გაუზიდავს.
1867 წელს დაარსდა მეტეოროლოგიური სადგური, რომელმაც იარსება 1998 წლამდე.
დღევანდელი თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მდებარეობს ორი ეკლესია, სადაც მღვდელმსახურება აღევლინება. ესენია: წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX-საუკუნეშია აგებული (რესტავრაცია ჩაუტარდა 2012 წელს) და წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლს და რომლის მხოლოდ ნანგრევები იყო ჩვენამდე მოღწეული. ამ ძეგლის ნანგრევებზე აღადგინეს ტაძარი.-2004-2006 წლებში.
საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლის-ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.
ქალაქის ტერიტორიაზე XX საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა ექსპერიმენტალური და საკონსერვო ქარხნები, თ/წყაროს საბჭოთა მეურნეობა, მეფრინველეობის ფაბრიკა, მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობა, სსქ. სოფლქიმიის რაიონული გაერთიანებათა და ა.შ. რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ქალაქის ეკონომიურ წინსვლაში და გარკვეულწილად იერსახის შექმნაში. ამ წარმოებების მიერ აშენდა საცხოვრებელი სახლები და კორპუსები, რათა უზრუნველეყოთ თავის მიერ დასაქმებული მუშა-მოსამსახურეები ბინებით.
გამოდიოდა გაზეთი „ლენინური გზა“, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს „დიდგორი“ ეწოდება. ფუნქციონირებდა სტამბა. ყოფილი სტამბისა და რედაქციის შენობაში დღეს განთავსებულია სასამართლო.
ქალაქის ცენტრში მდებარეობს მუნიციპალიტეტის შენობა, რომელიც აიგო 1982-1989 წლებში, ასევე მერია რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში აიგო. ცენტრშია თავმოყრილი კომუნიკაციის სხვა და სხვა საშუალებები: საავადმყოფო, ფოსტა, აფთიაქები, მაღაზიები, ბანკები, 2 საჯარო სკოლა, სამუსიკო სკოლა, 2 ბაგა-ბაღი,სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა, მუზეუმი.
ქ. თეთრიწყაროს ყოფილ რუსულ სკოლას საფუძველი ჩაეყარა 1939 წელს, ხოლო 1941 წლის 1 სექტემბერს უკვე მიიღო მოსწავლეები. სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. 1946 წელს ამავე შენობაში გაიხსნა ქართული სკოლა, ხოლო 1952 წელს ქართული სკოლა გადავიდა შენობაში, რომელიც სპეციალურად  აშენდა, შემდეგ კი გადაკეთდა სკოლა-ინტერნატად. ამ სკოლა-ინტერნატში სწავლობდნენ ბავშვები მიმდებარე სოფლებიდან და აგრეთვე იმ სოფლებიდან სადაც მხოლოდ დაწყებითი კლასების სკოლები ფუნქციონირებდა. ბავშვების სიმრავლის გამო სკოლაში სწავლა ორ ცვლად მიმდინარეობდა. მაშინდელმა პარტიის რაიკომის მდივანმა ალექსი ბექაურმა დააყენა საკითხი განათლების სამინისტროში ქ.თეთრიწყაროში ქართული სკოლის აუცილებლობის შესახებ. სკოლა აშენდა წელიწადნახევარში, იგი 1965 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ქართული საშუალო სკოლა ამ შენობაში 2008 წლის დეკემბერში გადავიდა. დღეს ეს სკოლა თ/წყაროს 1 საჯარო სკოლაა, ხოლო 2 საჯარო სკოლა განლაგებულია ყოფილი რუსული სკოლის შენობაში, რომელიც ქართულ სკოლად გადაკეთდა 2011 წელს.