თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქართველი მეწარმე, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით ვისკს აწარმოებს
19 ივლ 2018
 

  სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის - ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება სოფელი ალექსეევკაა.
  ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის - პროფესიით ბიოლოგის, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილის მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო. აქვე შეხვდებით სოფელში სტუმრად მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების მიერ დატოვებულ სამახსოვრო წარწერებს. 
  ვისკი ყველაზე დემოკრატიული სასმელია“ - აღნიშნავს ალექსანდრე კვერნაძე, რომელმაც ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დამზადების სურვილის რეალიზებას მხოლოდ უწყვეტი შრომის და სწავლების შედეგად მიაღწია. იგი პირველი ქართველი მეწარმეა, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში, საკუთარ მარანში ვისკის მასალის მიღება ქვევრში, სიმინდისა და ქერის ნაზავის სამჯერადი გამოხდით განახორციელა. წარმოებული ორიგინალური ქართული ვისკის უნიკალურობა კი გამოიხატება მისი წარმოების სპეციფიკაში. თიხა უზრუნველყოფს განსაკუთრებით სუფთა სპირტის მიღებას, რომლის დაძველებაც შემდგომ ხდება სპეციალურ მუხის კასრებში. ასეთი ტექნოლოგიით წარმოებული ვისკი განსაკუთრებული დამახასიათებელი გემოვნური და სხვა ორგანოლეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მარანში ერთი თვის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 100 ლიტრი 75 %-იანი ვისკის მასალა, რომელიც 3 წლიანი დაძველების პროცესის გავლის შემდგომ, რეალიზაციისათვის ქალაქ თბილისში გადის, პროდუქციის შეძენა ხორციელდება აგრეთვე კერძო პირების დაკვეთით. მეწარმე სამომავლოდ გეგმავს ვისკის დამზადებას ჭვავის გამოყენებით. 

  მარნის ექსკლუზიური პროდუქტია შარბათი „ტიფლისი“ - არომატიზირებული ღვინო, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული და დამზადებულია უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ძველი ქართული კარაბადინის რეცეპტის მიხედვით. არომატიზაციისთვის კი გამოყენებულია 8 სახეობის სანელებელი. შარბათმა ქართველი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

  მარანში უნიკალური „შალას“ (ასურეთული შავი) ჯიშის ყურძნისგან, ევროპული ტექნოლოგიით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ღვინო „ასურეთული“. სპეციალურ საავტორო ხელნაკეთ ეტიკეტზე დატანილი კონცეფციის მთავარი იდეაა „ღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art). მეწარმის თქმით, კლიმატური პირობების გამო, მაღალმთიან დასახლებაში შალას ჯიშის ყურძენი მწიფობას ვერ ასწრებს, შესაბამისად აღნიშნული ყურძნის ჯიშის შეძენას ახორციელებს მევენახეებისაგან მცირე რაოდენობით. 
  ადგილობრივი მეწარმე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საგადასახადო შეღავათებით, ბიზნესის განვითარებისათვის კი ENPARD II პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარდგენილი აქვს ბიზნესიდეა და იმედოვნებს, რომ მისი პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საშუალება მიეცემა გაზარდოს პროდუქციის წარმოება და გატანა საზღვარგარეთ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6409
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები