თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მოადგილესთან ლია ზურებიანთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დიდგორში, უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,დიდგორის“ წევრებს შეხვდა, დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა, მადლობის სიგელით დააჯილდოვა და ანსამბლის თითოეულ წევრს, მუნიციპალიტეტის სახელით ფულადი ჯილდო გადასცა.
მიმდინარე წელს უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აღიჭურვა ტრადიციული სამოსით (ჩოხა-ახალუხი, აზიურები) და მუსიკალური ინსტრუმენტებით (ჭუნირი და ფანდურები).
ანსამბლმა დიდგორმა 2022 წლის ნოემბერში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე, ფინალურ ტურში გამარჯვება მოიპოვა, 2022 წლის 6 დეკემბერს, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კი შედგა ანსამბლი დიდგორის დაჯილდოვება.
აღსანიშნავია, რომ უხუცესთა ანსამბლის მიერ აღდგენილია და რეპერტუარშია შეტანილი არაერთი უძველესი სვანური სიმღერა და საგალობელი, მათ შორის ,,ჩეყა რაშხა“, რომელიც 1936 წლის შემდეგ არავის შეუსრულებია. ანსამბლმა მივიწყებას გადაარჩინა ასევე უძველესი სიმღერები: ,,ორდიელასა", ,,შგარი ლაშგარი", ,,ცანა და ორცანაში", ,,შაილადა" და სხვა.