31 აგვისტოს, მულტიფუნქციური არტ-ფესტივალი „ბეგა-ფესტი“ დაბა მანგლისში წელს პირველად გაიმართა. მანგლისის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში, წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნიმუშები, ინდივიდუალურ ხელოვანთა ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
გამოფენები წარმოადგინა ა.ა.იპ. თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა, კოდის სათემო განათლების ცენტრმა, წინწყაროს სათემო ფონდმა „კოდორი 2013“ და ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა. საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ყაზახაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებს, მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ბეგა-ფესტი დამკვიდრდება როგორც მანგლისის ტრადიციული ფესტივალი და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ა.ა.ი.პ. კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები: „გუდარეხი“ „სამება“, „დიდგორი“ „ლომისი“. მუსიკალური საღამო ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით და Dj ROMA J –ი მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. ფესტივალს ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. არტ-ფესტივალის „ბეგა-ფესტის“ მიზანია, მანგლისში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, მანგლისის, როგორც უძველესი ქრისტიანული, კულტურული კერის და საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევა. სამომავლოდ, დაბა მანგლისში, „ბეგა-ფესტი“ ხელოვანების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჩართულობით, მასშტაბური კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ფესტივალი გაიმართა მანგლისის განვითარების ფონდის ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მარდაჭერით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით.