ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა: გიორგი სუხიტაშვილმა, ნინი გველესიანმა, მარიკო ებრალიძემ, თემო საჯაიამ, ოთო ნემსაძემ.
საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, სანტაკლაუსმა და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფორსმა - ვაჟა სულხანიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისათვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ცნობილ სახალხო მთქმელს და ხეზე კვეთის ოსტატს ზაქარია გიგაურს, მხატვარებს - ომარ ჩიტალაძეს და თათია ბაკურაძეს, კერამიკოსს - ოთარ შარაბიძეს, ახალგაზრდა რეჟისორს - თინათინ ბეკოშვილს, პოეტებს: ია ნანეიშვილს, დათია ბადალაშვილს და ნათია თვალიაშვილს.
საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლის ,,გუდარეხის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.