28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის 20-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა და 200-მდე სამუშაოს მაძიებელმა. ფორუმის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რეგიონში მოქმედ კომპანიებს და მათი აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. ასევე ადგილზე გაცნობოდნენ ფორუმზე წარმოდგენილ დამსაქმებელთა შემოთავაზებებსა და პირობებს.
ფორუმი გაიმართა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ფორუმი გახსნეს და დასაქმების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველმა ლელა მაისურაძემ და სოციალური სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.
დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულიც. RDFG-ის დასაქმების პროგრამა ხორიელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება.
ფორუმს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი.