საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. 10 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხაიშის საჯარო სკოლის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას 25 კომპიუტერი გადასცა.
სოფელ ხაიშში 1988-1989 წლებში სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული 120 ოჯახი დასახლდა. სკოლაც სწორედ მაშინ აშენდა, აქამდე ხაიშის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა, მოხდა სასწავლო კორპუსების გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა საკონფერენციო დარბაზი, გამოიცვალა იატაკები, კიბეები, გაკეთდა ახალი მოაჯირები, შეიღება კედლები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა გარე სპორტული მოედანი. არდადეგების პერიოდში მოეწყობა შიდა სპორტული დარბაზიც. სკოლა აღიჭურვა სასწავლო და საოფისე ინვენტარით. ხაიშის სკოლა ასევე ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილი. რამდენიმე დღეში სკოლაში ამოქმედდება ინტეგრირებული კლასი, სადაც 10 სსსმ მოსწავლე ისწავლის. ამ მიზნით სამინისტრომ ორი სპეცმასწავლებელი სპეციალურად დაუნიშნა.
ხაიშის სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, გასულ წელს სკოლას 7 ოქროსმედალოსანი ჰყავდა. სკოლა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში.