სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია საქართველოში და მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამშვილდის მახლობლად.
ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. სამშვილდის ციხის აშენებას მემატიანე ქართლოსს მიაწერს - „ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქად“ ხოლო სამშვილდის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. ნაგებობების სიხშირე მეტყველებს იმაზე, თუ რა მჭიდროდ იყო ეს მიდამო დასახლებული. ქართლის ცხოვრება გვამცნობს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ დედოფალმა საგდუხტმა ააშენა პირველი ეკლესია სამშვილდეში. XI საუკუნის დამლევისათვის გიორგი II - სამშვილდე შერიგებისა პატიების ნიშნად უბოძა საპატრონოდ კლდეკარის ერისთავს ივანე ლიპარტის-ძეს. არ გასულა დიდი ხანი და ქალაქი თურქ-სელჩუკებმა აიღეს. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა კვლავ შემოიერთა სამშვილდე და 1123 წელს უწყალობა ბრძოლებში გამარჯვებულ ივანე ორბელს. ნახევარი საუკუნის მანძილზე სამშვილდე ორბელიანთა ხელში იმყოფებოდა, შემდეგ კი ისევ მეფის ქალაქად იქცა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდგომ კი ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. ნაქალაქარში შემორჩენილ ნანგრევთაგან ყველაზე მნივნელოვანია VIII საუკუნის ძეგლი ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპო ტაძარი - სამშვილდეს სიონი. მკვლევარები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ ძეგლის ზუსტი დათარიღების შესახებ, მაგრამ როგორც აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, მისი მშენებლობა დაიწყო კონსტანტინეს მეფობის მე-20-ე წელს და დასრულდა ლეონის მეფობის დროს. მისი მშენებლობა 19 წელი გრძელდებოდა. წარწერის მიხედვით, ტაძრის კურთხევა მომხდარა 13 სექტემბერს „ დიდითა კრებითა“ და დიდი ზეიმით, რომელიც 6 დღე გაგრძელდა.