თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

სოფელი ასურეთი
27 თებ 2017
 

მე-19 საუკუნის  20-იანი  წლებიდან მეფის რუსეთის მიერ,  საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. ჩამოსახლებული გერმანელი შვაბების დიდი ნაწილი  თბილისის შემოგარენში დასახლდა და 1819 წელს  ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება - სოფელი „ელიზაბეტტალი“ (დღევანდელი ასურეთი).

 მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ელიზაბეტტალი კარგად განვითარებული და სამეურნეო თვალსაზრისით სანიმუშო სოფელი იყო, გერმანელები  მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწადმოქმედებას და ხელოსნობას. თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი საუკეთესო ხარისხის რძის პროდუქტებით ამარაგებდა დედაქალაქის მოსახლეობას.   სოფელში გახსნილი იყო რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდებოდა არაჟნის, კარაქის და ხაჭოს დამზადება. განსაკუთრებით განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მემარცვლეობა და მეკარტოფილეობა, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა თბილისში. გერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში შექმნეს  მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებანი, რომლებიც დიდ  როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის  მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და  ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.

აღსანიშნავია ცნობილი „შალლა“, რომელიც გერმანელმა ოტო შალლმა, ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა. ვაზის ახალ ჯიშს მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ, „შალლა“ (ასურეთული შავი) უწოდეს. ასურეთში წარმოებული ღვინის რეალიზაციისათვის სპეციალური მაღაზიები იყო გახსნილი როგორც თბილისში, ასევე ბაქოსა და ერევანში. ვენახები გაშენებული იყო სოფლიდან 7 კილომეტრში მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გერმანელებმა შუაგულ ვენახში ააშენეს  უნიკალური  სამსართულიანი ნაგებობა - ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით     5 000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ „შალლას“ გაჩნია დიდი პოტენციალი  დაიმკვიდროს ადგილი არამარტო ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

2016  წელს სახელმწიფოს მიერ დაიწყო სოფელ ასურეთის  რეაბილიტაცია და რეკონსტრუქციის  პროექტის განხორციელება, რომელიც  2014 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით,  ა(ა)იპ თეთრიწყაროს განვითარების ფონდმა შეიმუშავა. პროექტი ითვალისწინებს სოფელ ასურეთში გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებით.  პროექტის მიზანია არსებული რესურსების და პოტენციალის გამოყენებით, მხარე მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის და  განვითარდეს ტურიზმის სექტორი.  ამასთანავე,  ასურეთის  ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია განვითარდეს ეკონომიკის ტრადიციული დარგები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება (რძის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების).  

ასურეთის ისტორიული მემკვიდრეობის  რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია მიზნად ისახავს თეთრიწყაროს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ.  ასურეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ადვილად მისადგომობა, სიახლოვე დედაქალაქთან იძლევა იმის პირობას, რომ აქ განვითარდეს ბიზნესსექტორი და  ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა, აგროტურიზმი, სანახაობრივი ტურიზმი, ველოტურიზმი და სხვა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების  დაინტერესებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის და წარმოებული პროდუქციის   რეალიზებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში და ქალაქებში. ასურეთი იქცევა რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად, რაც  საშუალებას მოგვცემს დაიგეგმოს სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები, მოეწყოს ყველის, ღვინის და ლუდის ფესტივალები. პროექტის განხორციელება საბოლოო ჯამში განაპირობებს თეთრიწყაროს და ზოგადად მთელი რეგიონის განვითარებას  და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 25251
 
 
 
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები